ჭადარი -(ბრწყინვალე შვიდეული)
***ამობურცულ მდელოზე იდგა,სულ მარტო,ეული...მხოლოდ მწვანე ,ბიბინა, ბალახი და ის...საიდან მოხვდა აქ, ასე მარტოსული ჭადარი არავინ უწყოდა... მხოლოდ იმ ორმა, ვინც სამუდამო ადგილი მიუჩინა მას ...სულ პაწაწუნები იყვნენ ამ ადგილას რომ ამოვიდნენ ,ხელში ჭადრის წვრილი ნერგით,რომელიც ბიჭმა ,მის სახლთან მდგარ სანერგედან წამოიღო... სახლიდან ჩუმად გამოიპარნენ.. .ბავშვურმა მეგობრობამ და სიყვარულმა გამოაქცია აქ, ამ ადგილას ორივე...ფიცი დადეს ამიერიდან ,სანამ იმიერში გადასახლდებოდნენ ,სულ ამ ჭადართან შეხვდებოდნენ ერთმანეთს რამდენი წელიც უნდა გასულიყო... ეს მწვანედ მობიბინე მდელო კარგახნის შერჩეული ჰქონდა ორივეს.მოსწონდათ ამ მაღლობზე ამოსვლა ,საიდანაც ლამაზი ტყე,თავისი პატარა ,მოჩუხჩუხე ნაკადულით ხელისგულივით მოსჩანდა...მათი გულებივით სუფთა და მობიბინე იყო ეს ბორცვიანი ადგილი... ჭადარი კი იზრდებოდა ,მშვენდებოდა,ირწყვებოდა და სულდგმულობდა წვიმის წყლით...მასთან ერთად იზრდებოდნენ ის პატარები,რომლებმაც ჭადარს,ამ ზღაპრულ ადგილას, შთაბერეს სული...
**ჭადრის ტანი მომწვანო-ნაცრისფერი იყო.ხე რაც უფრო იზრდებოდა, მისი ქერქი უფრო სკდებოდა და შრევდებოდა...არე-მარეს კი ჭადრის ნელსურნელება ატკბობდა ,ამ სურნელებას ნიავი დააქროლებდა აღმა-დაღმა...ზამთარში ფოთლებგაცვენილს, მომწვანო მოჩალისფერო ბურთულები ეკიდა მხოლოდ...
**გამიგონია აღმოსავლური ჭადარი -ბიბლიური მცენარეაო.
მისი ებრაული სახელწოდება იერუსალიმის თალმუდის მიხედვით „დოლევ მახრახ“-ია, არამეულად „დოლბა“. ამავე სახელწოდებით იცნობენ მას ისრაელის არაბებიც ზოგი მკვლევარი ბიბლიურ ჭადარს ნაბლთან აიგივებს, ზოგიც – ბიბლიის ქართული თარგმანის მსგავსად, ნეკერჩხალთან. წინასწარმეტყველი ეზეკიელი ჭადარს აღწერს როგორც ისეთ ტანმაღალ ხედ, რომ იგი ლიბანის კედარმაც კი ვერ დაჩრდილა. აღმოსავლეთის ხალხები ჭადარს წმინდა ხედ მიიჩნევდნენ და იყენებდნენ საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში.
"მშვენობდა ის სიმაღლით და თავისი გრძელი ტოტებით, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული. კედრები ვერ ჩრდილავდნენ მას ღვთის ბაღში; ალვის ხეები ვერ ედრებოდნენ თავისი რტოებით; ნეკერჩხლები თავისი ტოტებით ვერ უტოლდებოდნენ მას; ღვთის ბაღის ვერცერთი ხე ვერ უსწორდებოდა თავისი სილამაზით“. (ეზეკიელი 31, 7-8)
**გადიოდა ხანი.იზრდებოდა ჭადარი , მასთან ერთად იზრდებოდა გოგო და ბიჭი...ივსებოდა მათი გულები ვნებით და სიყვარულით ...ამ ჭადრის ქვეშ ერთურთის სუნთქვა ერეოდა ღამეს მთვარიანს...მხოლოდ ჭადარმა იცოდა ეს .მხოლოდ იგი იყო მათი ერთადერთი მესაიდუმლე...საბოლოოდ კი მათი მყუდრო სავანე გახდა ის არემარე რომელიც ამ ჭადარს შემორტყმოდა გარს...რაც დრო გადიოდა,მით უფრო ,ეს სამყარო, ატკბობდა და ცოტას აშინებდა კიდეც ორივეს...სრულ იდილიას და ბედნიერებას განიცდიდნენ..."მეშინიაო,წასჩურჩულა ერთ დღეს გოგომ ჭადრის ხეს .რატომო–კითხვას კითხვითვე უპასუხა ჭადარმა ფოთლებისშრიალით.გოგომ კი: ისეთი ბედნიერი ვარ, მეტისმეტად ბედნიერი, რომ მეშინია. ვინ შეგარჩენს ასეთ ბედნიერებას, ასე მაშინ ხდება, როცა ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა წაგართვანო...”
**"ორი კვირა საავადმყოფოს ცივ,მოცისფრო პალატაში ვცხოვრობთ.აქ ისეთი სუსხიანი მეჩვენება ყველაფერი ,თითქოს კედლებიდან გაყინული წყლის წვეთები ჟონავს.
ორშაბათს, შენი დაჟინებული თხოვნით სახლში წამოვედი.ცოტა დაისვენეო - მითხარი...სამშაბათს შუადღისკენ მოვედი.როცა გკითხე როგორი ღამე გქონდა -მეთქი,შენ , ხუმრობით,როგორც გჩვეოდა, მითხარი: მე და ჩვენი ჭადარი სიზმარში ერთად ვმღეროდითო...ფანჯრის, გამჭვირვალე,თეთრი ფარდა შეირხა,რაღაც უჩვეულოდ მოტკბო ნელსურნელება შემოიჭრა ოთახში,აი ზუსტად ისეთი ჩვენი ჭადრის გარშემო რომ იფრქვევა ხოლმე.ფანჯარას მივუახლოვდი და მის რაფაზე მოფარფატე ჭადრის ყვითელი ფოთოლი შევნიშნე..შემოდგომაა უკვე...მოვენატრეთ ორივე და მოსაკითხად ფოთოლი გამოგვიგზავნა...საღამოს საშინელმა სიცივემ ამიტანა,შენს საწოლზე,ფეხებისკენ შემოგიძვერი,არ მინდა შეგაწუხო.ერთ ციცქნა ადგილს ვიკავებ ფეხმორთხმული.გიყვები ათას სისულელეს.გართობ, ჩემი ჭკუით.შენც მყვები.ვითომ არც არაფერი ყოფილიყოს.შენს ვეებერთელა ხელებს ჩემსას ვატოლებ. ,ძლიერად,ტკივილამდე ვუჭერთ.თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს.ყველაფერი ნათქვამია უხმოდ და უსიტყვოდ.არ გვსურს ხელების გაშვება.ასე ხელიხელჩაკიდებულებს ჩაგვთლიმა სულ რაღაც,თხუთმეტი წუთით.ორივენი ძალაგამოცლილები და გამოფიტულები ვართ...მერე ექთანი შემოდის ,იმ საშინელი შხამის შესაყვანად გამზადებს, რომელმაც უნდა განგკურნოს ვითომ.დგამს გადასხმის მოწყობილობას.ხსნის წამლებს,ამპულებს.ურევს ერთმანეთში..და იწყებს წვეთ- წვეთობით დინებას შენს ძარღვებში ის რაღაც ,გაურკვეველი ნარევი რომელსაც ქიმია ჰქვია...ისევ ვშორდებით.მე ,აბუზული გვერდით მდგარ სავარძელში ვეშვები და ისეთივე ტკივილს ვგრძნობ როგორც შენ.ისეთივე მწარე გემოს პირში და სუნს ცხვირში როგორც შენ... როგორ იქნა დასრულდა გადასხმა...ისევ შენს საწოლში მოვძვრები..ისევ თითებს მაგრად ვხლართავთ ერთმანეთში...და ასე ,ბოლო წუთამდე ხელები არ გაგვიშვია ...ასე მეგონა სიკვდილი ვერ დაგვაცალკევებდა...დაგვინდობდა...გაგვეცლებოდა...და შემდეგ მოხდა ის,რაც მოხდა... ხუთშაბათს უკვე სხვაგან განათდა შენთვის..." -რამოდენიმე ხნის შემდეგ დღიურში აი ასეთი ჩანაწერი გააკეთა გოგომ...
ამობურცულ მდელოზე მდგარმა მარტოსულმა ჭადარმა კი ზუსტად ამ დროს ,ფოთლებისგან გაძარცვული და აქერცლილი ტოტები აღაპყრო ცის ცისფერი თაღისკენ...ჩუმად ლოცულობდა მათთვის...ცაც ისმენდა მის ლოცვას...მაგრამ...